შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო კონფერენციისთვის “კათოლიკურ მისიათა მემკვიდრეობა. რელიგიური დაყოფა და კავშირები XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში“, რომელიც ჩატარდება ა. წ. 10-13 სექტემბერს.

გვიანანტიკურობის ეპოქის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და ადრეული მოდერნულობის საქართველოს კათოლიკური მისიები თავიანთ ლიტურგიკულ პრაქტიკაში ეყრდნობოდნენ ერთსა და იმავე ტექსტურ კორპუსს — ბიბლიის ძველ ქართულ თარგმანებს, რომელთა პირველი ნიმუშები მეხუთე საუკუნის ხელნაწერებით არის მოღწეული.

განსხვავებული კონფესიის ქრისტიანულ ეკლესიებში ერთიანი რელიგიური ტექსტური კორპუსის არსებობამ ფრაგმენტირებისა და დაკავშირებულობის საინტერესო მოდელი შექმნა, განსაკუთრებით შუა საუკუნეებიდან მოდერნულობის ეპოქამდე გარდამავალ პერიოდში. განსხვავებული ეპოქების ლიტურგიკულმა პრაქტიკამ და საქართველოში რელიგიური ინკულტურაციის სხვადასხვა ეტაპმა, უდიდესი როლი ითამაშა ქართული ენის ემანსიპაციის, მისი სოციალური და საზოგადოებრივი ფუნქციების განვითარებაში. ფრაგმენტულობისა და დაკავშირებულობის ტენდენციებს გარკვეულ ელფერს სძენდა საქართველოს კათოლიკური მისიებში ღვთისმსახურების სამი წესის თანაარსებობა: Rito Latino, Rito Armenio Catolico, Rito Georgiano Catolico.

კონფერენციის ძირითადი თემები:

  • აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიები
  • მისიონერული ლინგვისტიკა და კათოლიკურ მისიათა ტექსტუალური მემკვიდრეობა
  • კათოლიკური ინკულტურაციის პროცესები ადრეული გლობალური ისტორიისა და მოდერნულობის პერსპექტივიდან

კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ აბსტრაქტი (დაახლოებით, 300 სიტყვა) და curriculum vitae გააგზავნოთ ელფოსტაზე: lecamiconference@iliauni.edu.ge

  • აბსტრაქტების წარმოდგენის ვადა — 16 ივნისი, 2024
  • აბსტრაქტების შერჩევის ვადა — 23 ივნისი, 2024
  • კონფერენციის სამუშაო ენები — ქართული და ინგლისური
  • კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ: lecamiconference@iliauni.edu.ge

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

lecamiconference@iliauni.edu.ge